როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?


სრულფასოვანი საუზმე წარმატებული დღის გარანტია!
სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების როგორც განვითარებას, ასევე მათ სისტემატურ განახლებას.სწორი კვება საკვები წარმოადგენს ენერგიის წყაროს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო ფიზიკური დატვირთვისას, არამედ დასვენების დროსაც.
კვების პროდუქტები – ეს არის იმ ნივთიერებათა წყარო, რომლიდანაც სინთეზირდება ფერმენტები, ჰორმონები და მიმოცვლითი პროცესების რეგულატორები. ნივთიერებათა ცვლა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველია, პირდაპირ არის დამოკიდებული კვების ხასიათზე.
კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელებას. საკვების შემადგენლობა, მისი თვისებები და რაოდენობა განსაზღვრავს ფიზიკურ ზრდა-განვითარებას, შრომისუნარიანობას, დაავადებათა სიხშირეს, ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას.
საკვებიდან საკმაო რაოდენობით უნდა მივიღოთ ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორებიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მინერალური ნივთიერებები… ოღონდ, საკმარისად და არა – გადაჭარბებულად, ასევე – სწორი პროპორციით. დამატებითი შეზღუდვები და წესები პროფესიონალმა ექიმებმა უნდა დაადგინონ და არა – პაციენტებმა თვითნებურად.
ჯანსაღი კვების შესახებ “ამბიონი” გთავაზობთ რჩევებს ენდოკრინოლოგ ქეთევან ასათიანისგან:
გვესაუბრეთ ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე. რას გულისხმობს ჯანსაღი კვება?
ჯანსაღი კვება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს რაციონალურ, დაბალანსებულ, სწორი კვების რაციონსა და რეჟიმს, ანუ დღის მანძილზე საკვებ რაციონში უნდა იყოს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მიკრო და მაკრო ელემენტების, მინერალებისა და ვიტამინების ოპტიმალური დოზა, შედგენილი თითოეული ჩვენგანისათვის ინდივიდუალურად.

როგორია ბალანსირებული რაციონის მოდელი?
სასურველია, ვიკვებოთ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა, ანუ უმჯობესია საკვები მივირთვათ 4-5 ჯერ დღეში. არ უნდა დაგვავიწყდეს სითხის მიღების აუცილებლობაც.საკვები იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს რაიმე თანმხლები დაავადება და ჩვენი ორგანიზმი გვაძლევს საშუალებას, უნდა მივიღოთ მინიმუმ 1,5 ლ. სითხე დღის განმავლობაში.
რამდენად საზიანოა მშრალი საკვების ხშირი მიღება და რა პრობლემებს იწვევს ეს ბავშვებსა და მოზრდილებში?
თუ ვსაუბრობთ სწორ, ჯანსაღ კვებაზე, ის, უპირველეს ყოვლისა, წვნიან კერძსაც შეიცავს რაციონში. მშრალი საკვების რეგულარული მირთმევისას, უწინარეს ყოვლისა, ზიანს ვაყენებთ ჩვენს გასტროინტესტინალურ, ანუ კუჭნაწლავის ტრაქტს.
რამდენად სასურველი, ან საზიანოა დღის დაწყება ყავის სმით?
ყავა გემრიელი, სასიამოვნო, მატონიზირებელი საშუალებაა. საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი დროა საკვების მიღების თვალსაზრისით. ჩვეულებრივ, კალორიულობის თვალსაზრისით, ის ყველაზე “დატვირთულია”. საუზმე გვაფხიზლებს, გვმატებს ენერგიასა და ტონუსს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობის ერთ-ერთი წინაპირობაა. არეგულირებს მადას. სრულფასოვანი საუზმე წარმატებული დღის გარანტია! ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ დილით უპირატესობას ყავას მივანიჭებთ, სასურველია, რომ მას საკვებიც მივაყოლოთ. ეს შესაძლოა იყოს ბუტერბროდი, ხილი, ხაჭო, ფაფა და ა.შ. (სურვილისამებრ).

No comments:

Post a Comment